ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კი ლევან ნაროუშვილის კანდიდატურები დღეს დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განიხილეს. აღნიშნული კანდიდატურები, რომლებსაც საკრებულოს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაციები მისცეს, კომისიის წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარუდგინა.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ კი ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო. როგორც ლევან მიქავამ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 2 500,0 ათასი ლარით იზრდება და
1 394 733,5 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა რამდენიმე საკითხი წარადგინა. მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წესისა და პირობების დამტკიცებას ითვალისწინებს.
ასევე, ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომელმაც განსახილველად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ , ასევე ,, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებებში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კი კომისიის წევრებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.