თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა, იზრდება მერიის სარეზერვო ფონდი და საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდია. ასევე საბიუჯეტო ცვლილებები შიდა განაწილებებს შეეხება.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს. ცვლილება შევიდა საკრებულოს „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საკრებულოს დადგენილებაში შევიდა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის დამტკიცებას ეხება. ცვლილება შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაშიც.
დღევანდელ სხდომაზე „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს და განკარგულებები დაამტკიცეს. საკითხი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.