თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა თბილისში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინეს.
კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს. დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ამის შემდეგაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა არჩილ მეფის N25-ბ-ში არსებული მშენებარე ობიექტისთვის დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხი წარადგინა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.