თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესში ცვლილებები განიხილეს, რომელიც სამშენებლო ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებას გულისხმობს. საკითხი -შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ წარადგინა.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „მს ბილდერისთვის“ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი წარადგინა. განიხილეს ასევე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების საკითხი, რომელიც კომისიის წევრებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში“ ცვლილებები და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები განიხილეს. საკითხები სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილებმა ნინო ბაგაშვილმა და ოთარ ჩიტიძემ წარადგინეს.