თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც გადასახდელების ნაწილში არსებული რესურსების გადანაწილების ხარჯზე ხორციელდება.
ცვლილებები შედის საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში, მათ შორის: „თბილისის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების; „თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების“; ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებშიც.
დღევანდელ სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, შპს ,,ირბის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხი შეათანხმეს და ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.