თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შემოსულობების ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადის ზრდით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების შემცირებით, მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით ხორციელდება. ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის ჯამური მოცულობა 1 567 982,6 ათას ლარს შეადგენს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს „შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარუდგინა. დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღესვე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები შეათანხმეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს.
ამას გარდა, კომისიის წევრებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. მათ შორის, ცვლილება შედის „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“; „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” დადგენილებებში.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.