თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 1 021 400.0 ათასი ლარით განისაზღვრა, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. დეპუტატებმა დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.
დღესვე კომისიის წევრებმა შპს „ცერერასა“ და შპს „ოპტიმასთვის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს განკარგულების პროექტი დაამტკიცეს. საკითხი საკრებულოს წევრებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გააცნო.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები განიხილეს და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს ამა წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზევე დეპუტატებმა თბილისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე დედაქალაქის მთავრობას თანხმობა მისცეს.
აღნიშნული საკითხები, დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.