ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულომ თავისი რეკომენდაციებითა და შენიშვნებით დედაქალაქის მერიას ერთხელ უკვე დაუბრუნა, დღეს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 131 222,1 ათასი ლარით, ხოლო 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 62 442,3 ათასი ლარით არის გაზრდილი.
გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, გაზრდილი ფინანსური რესურსი შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.