თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა კი შპს „ათორის“, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ , შპს „ტიფლისის“, შპს „გელოვანის“ და მათთან აფილირებული კომპანიების მიერ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა.
გარდა ამისა, ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების” შესახებ შესაბამის დადგენილებაშიც.
დღესვე, დეპუტატებმა, სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიაზე დღეს განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.