თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 1 776 457,6 ათას ლარს შეადგენს. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებზეც იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
დღესვე, ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში. რის შემდეგაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.