თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა განიხილეს. საკითხი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა. შემდეგ მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელთა თანახმადაც, ბიუჯეტის მოცულობა 142 794,2 ათასი ლარით იზრდება და 1 774 926,8 ათას ლარს შეადგენს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, რამდენიმე მისამართზე შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა, რასაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს წევრებს რამდენიმე საკითხი გააცნო. მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გაუქმების საკითხები წარადგინა.
დღესვე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს და სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. აღნიშნული საკითხები კომისიის სხდომაზე მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს.