თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ვარკეთილის დასახლებაში მდებარე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს. როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, საკითხი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებას ეხება, რომელიც ვარკეთილის დასახლებაში, მესამე კვარტალში მდებარეობს. ირაკლი თავართქილაძის თქმით, ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა და აღნიშნულ მისამართზე 4 სართულიანი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, ახალი, ათ სართულიანი კორპუსი აშენდება. აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოს წევრებმა დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებაც იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
დღესვე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებებშიც.
ასევე, კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესი დაამტკიცეს.