მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც დღეს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. რის შემდეგაც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებები გადასახდელების ნაწილში თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, რაიონის გამგეობის და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებების გათვალისწინებით ხორციელდება. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის ჯამური მოცულობა უცვლელი რჩება და იგი კვლავ 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს, მაგრამ ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება.
კომისიის წევრებმა დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებები შესახებ იმსჯელეს. საკითხები დეპუტატებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარუდგინა.
დღესვე, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლებიც საკრებულოს წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა გააცნეს.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ” საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.