თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კი კომისიის წევრებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” და „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. რის შემდეგაც, კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.