თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძის ხელმძღვანელობით, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები წარადგინა. რის შემდეგაც, კომისიის წევრებმა შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა რამდენიმე მისამართზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინეს. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ კი კომისიის წევრებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”, ასევე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები გააცნო. დღესვე დეპუტატებმა, სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებიც დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.