თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე უძღვებოდა, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. როგორც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებები თბილისის მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება. მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 86 660, 8 ათასი ლარით იზრდება და 1 392 079,0 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილება წარადგინეს.
საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები შეათანხმეს და „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
დღესვე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ რამდენიმე მისამართზე, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები, დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.