თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მერიის ურბანული, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის განვითარების საქალაქო სამსახურების დებულებების დამტკიცებაზე იმსჯელეს. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, სტრუქტურული რეფორმა, არქიტექტურის სამსახურიდან ურბანული მიმართულების გამოყოფას გულისხმობს. მისივე თქმით, ცვლილების შემდეგ, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული იქნება, ხოლო ურბანული სამსახურის ძირითადი მიმართულებები მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება - გატარება, დაგეგმარება - განახლება და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით, რეფორმის შედეგად, სამსახურის მართვის პრინციპი შეიცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც სერგო ბირკაძემ განმარტა, მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმარება, მართვა და ზოგადად ურბანულ მიმართულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, ერთი რომელიმე კონკრეტული სამსახურის მიერ აღარ მოხდება. მისივე თქმით, გადაწყვეტილებები შესაბამისი სამსახურების - ტრანსპორტის, გარემოს დაცვის და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურების ჩართულობით იქნება მიღებული.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებასთან დაკავშირებულ ცვლილებას, ის სამსახურის სახელწოდებას ეხება. კერძოდ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაერქმევა.
კომისიის სხდომაზე ასევე მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დებულებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზეც იმსჯელეს. ცვლილების თანახმად, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლება თბილსერვის ჯგუფიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გადაეცემა.
დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ზონალური ცვლილების საკითხებიც განიხილეს. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.