თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში მოძიებული რესურსი სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებში გადანაწილდა. მათ შორისაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზაურებადი პირებისათვის მე-13 ხელფასის გაცემა.
როგორც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ და მათ ნაცვლად თანხა მეეზოვეებს, დასუფთავების მანქანის მძღოლებს, მათ დამხმარეებს, ავტობუსის მძღოლებს, მეტროს კონტროლიორებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და მერიის ქვემდებარე სხვა ა(ა)იპ და (სსიპ) -ების თანამშრომლებს გადაერიცხებათ.
დღესვე კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების შესახებ იმსჯელეს და თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და იჯარის ფორმით გადაცემას თანხმობა მისცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.