დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების შესახებ იმსჯელეს. კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, გლდანის, ჩუღურეთისა და სამგორის რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის, ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სააგარაკე დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები, რომლებიც სხდომის მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.