თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის მოცულობა 20 552,2 ათასი ლარით იზრდება და 1 823 624,5 ათას ლარს შეადგენს. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დღეს თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განიხილეს. ცვლილებები საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინა. აღნიშნულ ცვლილებებს კომისიის წევრებმა, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად, მხარი დაუჭირეს.
დღესვე, კომისიის წევრებმა სხვადსხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს და გლდანის III მკ.რ-ის მიმდებარედ არსებული კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების დაშვების საკითხი განიხილეს.
ასევე, კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, ჭრელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ ნაკვეთებსა და მიმდებარე უფლებადაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებული მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი ძალადაკარგულად გამოაცხადეს.
ამას გარდა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მისამართზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის, ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეათანხმეს.
კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.