25 ივლისი 2025 ზურაბ აბაშიძის, ავთანდილ ცინცაძისა და ნიკოლოზ კახეთელიძის ხელმძღვანელობით, საკრებულოში დღეს სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე გარემოს დაცვის კომისიების სხდომაზე თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი მორიგი ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების თანახმად, რომელიც კომისიების წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ გააცნო, დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 77 111,4 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 2 348 609,0 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სერგო ბირკაძის, ვაკის რაიონის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად კი ლევან ყიფიანის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები, სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებებიც წარმოადგინა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების; დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს. აღსანიშნავია ცვლილება, რომლის შედეგადაც, დიდი ლილოსა და ნასაგურის მცხოვრებლები იმ ვადით, სანამ ამ ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოვა, დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული ცვლილება ამ ეტაპზე ათასზე მეტ ოჯახს შეეხება.
საკრებულოს წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზეც იმსჯელეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებს მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესი გააცნო.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.