თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა 14 საკითხზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკითი განიხილეს, რომელიც თბილისში ავტობუსებით, მეტროთი და საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 27 მარტს მიღებულ დადგენილებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანას გულისხმობდა.
დღესვე კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის, გეგმარებითი დავალებების, ასევე განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც საკრებულოს წევრებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.
დეპუტატებმა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს და საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მოგვიანებით გარემოს დაცვის კომისიის წევრებიც შეუერთდნენ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. წარმოდგენილი საკითხებიდან სხდომაზე წარსადგენად ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მიეცა, ნაწილი კი დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.