საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტის შემდგომი განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის და სითი-ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ გენგეგმის პროექტზე გამართული განხილვები შეაჯამა და შემდგომი პროცედურების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტის ტექსტურ ნაწილში გარკვეული ჩასწორებები გაკეთდა, ასევე გამოსწორდა რუკის ხარვეზები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, განხილვების დროს გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა მერიასა და სითი-ინსტიტუტთან. მან იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი მაქსიმალურად იქნება შეჯერებული მხარეებს შორის.
როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, გენგეგმის ახალი, კორექტირებული პროექტი საკრებულოს განსახილველად პროცედურების დაცვით წარედგინება.