თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თამარაშვილის ქუჩის # 13-ში იპოდრომთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი განიხილეს.
სხდომას თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ასევე სამშენებლო კომპანიების "არქი ჯგუფის", "დომუსის" წარმომადგენლები, არქიტექტორები და თამარაშვილის ქუჩის #13-ის საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა ყველა დაინტერესებულ პირს მისცა საკუთარი კომპანიისა თუ მოსახლეობის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
საკითხის განხილვის შემდგომ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი კორექტირების მიზნით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის მერიას.
როგორც გოჩა ბაბუნაშვილმა აღნიშნა, კომისიის მიზანია საკრებულოს სხდომაზე გაიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის, დეველოპერებისთვის და დედაქალაქისთვის იქნება მისაღები.
,,აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ საჭიროებს ხელახლა შესწავლას. ჩვენი კომისიის მიზანია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც მოსახლეობას და არც დეველოპერს არ დააზარალებს. ამიტომ ჩვენ კიდევ გავმართავთ ინდივიდუალურ შეხვედრებს ყველა ჯგუფთან და ვეცდებით აღმოვფრხვრათ ის პრობლემები რაც მხარეებს აწუხებთ.
რა თქმა უნდა ეს არ ეხება იმ ობიექტებს, რომლებზეც უკვე გაცემულია ნებართვა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება 70 მლნ. დოლარიან ინვესტიციას ითვალისწინებს, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა დღესვე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რასაც ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.