თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანას’’ დაუჭირეს მხარი, რაც N5 ავტობუსის მარშრუტის ცვლილებას, კერძოდ, მოსახლეობისა და ვაკის გამგეობის თხოვნის საფუძველზე, დაბა წყნეთში შიდა დასახლების მომსახურებას გულისხმობს.
დღესვე კომისიის წევრებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე ზონალური ცვლილება განიხილეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
სხდომას კომისიის წევრების გარდა თბილისის მერიის არქიტექტურისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ნინო გვენცაძე და მერაბ მამულაშვილი ესწრებოდნენ.