თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კრწანისის რაიონში, მირზა შაფის ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის კორექტირებაზე იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე, კონკურსში გამარჯვებილი არქიტექტურული კომპანია „დემარკის" წარმომადგენლები და საკონკურსო კომისიაში შემავალი არქიტექტორები ესწრებოდნენ.
კომისიის სხდომაზე პროექტის ავტორმა ვლადიმერ აბრამიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა პროექტის კორექტირებულ ვარიანტზე. მან დეპუტატებს 4 ათასი კვ.მ-ით შემცირებული პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ პროექტში ცვლილებები ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე შევიდა, კორექტირებებით კი კონცეფცია არ შეცვლილა. მისივე თქმით, პროექტი კვლავ დამუშავების პროცესშია და გარკვეული კორექტირებები მიმდინარეობს.
საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ აღნიშნულ პროექტს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა აღნიშნა, კონკურსი გამჭვირვალედ და ყველა წესის დაცვით ჩატარდა.
"გამარჯვებულმა კომპანიამ ისეთი პროექტი წარმოადგინა, რომელიც სრულადაა შერწყმული მირზა შაფის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რელიეფთან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალაქისა და ინვესტორის ინტერესები ერთმანეთის თანხვედრაშია, ამიტომ ჩვენმა კომისიამ აღნიშნულ პროექტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცა“, - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და შპს „აპოლო გ.ს.“-მ ერთობლივი საჯარო კონკურსი ამა წლის მაისის თვეში გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ არქიტექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს.
შემოსული განაცხადებიდან საკონკურსო კომისიამ 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი გამოავლინა, საიდანაც ერთმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.
საკონკურსო კომისიამ პროექტის სწორი კონცეფციიდან გამომდინარე ღია კონკურსის ფორმით, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, გამოავლინა გამარჯვებული ესკიზური პროექტი, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „დემარკს“ ეკუთვნის.