დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომას მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლების მოადგილეები და თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა თანხმობა განაცხადეს მთაწმიონდის რაიონში კეკელიძის N16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე შესასრულებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას, რისი აუცილებლობაც საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა ხანძარმა გამოიწვია.
მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო ასევე თანხმობა მიეცა ნაძალადავის რაიონში უიარაღოს ქუჩა მე-2 შეს. N 20-ში საყრდენი კედლის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელებასაც.
საკრებულოს წევრებს არქიტექტურის სამსახურში ,, თბილისის მუნიციპალიტეტის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულებაში და ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციაში ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია ამავე სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
მანვე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა, რაც თბილისის მერიისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების, მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დოკუმენტაციისა და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების წარმოებისა და სანებართვო კონტროლის უფლების გადაცემამ განაპირობა.
დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.