თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს და წარმომადგენლობითი ორგანოს 2019 წლის, 24 მაისის დადგენილება ძალადაკარგულად გამოაცხადეს. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დაამტკიცეს. აღნიშნული საკითხები დეპუტატებს მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარუდგინა.
დღესვე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს. პროექტები კომისიის წევრებს მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ჯუბა ყანდარელმა გააცნო.
კომისიაზე განხილულ საკითხებს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.