თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხები, ძირითადად, 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავდა.
მსჯელობის შედეგად კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, როგორებიცაა:
დოესის ქუჩის, ასევე სოფელ თხინვალასთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მარშალ გელოვანის გამზირსა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შეედგენა, გმირთა მოედანზე მემორიალური სვეტის მოვლა - პატრონობა და თბილისის რაიონებში გზის ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები.
სხდომაზე ასევე თანხმობა მიეცა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც
საბურთალოს, დიდუბის, კრწანისის, ჩუღურეთის, ისნის, სამგორისა და ვაკის რაიონების გამგეობებმა წარმოადგინეს.
პროექტები ძირითადად გზის საფარის მოწესრიგებას, ორმოულების შეკეთებას, სკვერებისა და სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას, დასასვენებელი და საბავშვო კუთხეების მოწყობას, გაზიფიცირებას, საგზაო მონიშვნების ერთკომპონენტიანი საღებავით მომსახურებასა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავდა.
დეპუტატებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც საბაგირო გზის, რიყე-ნარიყალას მონაკვეთზე შეღავათებით სარგებლობას გულისხმობს. კერძოდ, ფასდაკლება შეეხებათ იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობენ.
დღესვე კომისიის წევრებმა ზონალურ და ქალაქის გენერალურ გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა. კომისიის სხდომას, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.