თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2018 წლის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
მისი განაცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 2018 წელს მიღებული შემოსავლებისა და არსებული ნაშთების გამოყენების გათვალისწინებით ხორციელდება. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 72 650,3 ათასი ლარით იზრდება და სულ 1 000 281,8 ათას ლარს შეადგენს.
თალაკვაძის თქმით, ბიუჯეტის შემოსულობების ზრდისა და ნაშთის გამოყენების გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორისაა: გზების მშენებლობა და აღდგენა, საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია, შემოქმედებითი თბილისი, ასევე კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებები. იზრდება სპორტული ღონისძიებების ასიგნებებიც.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტები და დავალებები დაამტკიცეს.
დღევანდელ სხდომაზე, სხვადასხვა მისამართებზე, ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარისა და პრივატიზების ფორმით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.