დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლის თაობაზე კომისიის წევრებს ინფორმაცია თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
კერძოდ, დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასეს.
კომისიის წევრებმა ასევე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით, სარგებლობის უფლებითა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
აღნიშნული საკითხები კომისიის სხდომამდე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ განიხილა და შესაბამისი ოქმის თანახმად, მათ დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.