დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელეს, რომლის თაობაზე კომისიის წევრებს ინფორმაცია თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
კერძოდ, დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს, განსახილველი საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი დამატებითი შესწავლის მიზნით შემდეგი განხილითვის გადადეს.
დღესვე დეპუტატებმა საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანისას არსებული ტარიფის გაზრდის თაობაზე იმსჯელეს.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელის მალხაზ ჭამპურიძის განმარტებით, ექსპლუატაციით მიღებული ეკონომიკური მაჩვენებლები ბევრად აღემატება დამტკიცებული ტარიფით მიღებულ შემოსავლებს, ამიტომ სუფსიდირების თავიდან აცილების მიზნით, მერიის საქალაქო სამსახური ერთი მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ტარიფის 2 ლარამდე გაზრდას ითხოვს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, პროექტის მიღების მიზანი საბაგირო ტრანსპორტის გამართული მუშაობა, მიღებული შემოსავლებით მოქალაქეების გარანტირებული მომსახურებისთვის კაპიტალური რემონტების შეუფერხებლად ჩატარება და სხვა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯების დაფარვაა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.