დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და სააქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, გეგმარებითი დავალებების, ასევე განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების შესახებ იმსჯელეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და აღნიშნული საკითხები დადებითად შეაფასეს.
როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, ცვლილებები მარშრუტების შეცვლას შეეხო, რისი აუცილებლობაც განახლებული აღმაშენებლის გამზირის ნაწილის საფეხმავლო ქუჩად გადაკეთებამ გამოიწვია.
სხდომის მონაწილეებმა საერთაშორისო ასოციაციას (AIMF), თბილისის მერიასა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს შორის ფინანსური მხარდაჭერის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
როგორც განვითარების ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისათვის რესტავრატორთა გადამზადების მიზნით, მუშავდება ,,საველე სკოლის პროექტი“ , რომლის ხარჯების 70 %-ს საერთაშორისო ასოციაცია (AIMF), ხოლო 30 %-ს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი გაიღებენ. დეპუტატებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას მისცეს თანხმობა.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.