თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც დეპუტატებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარუდგინა.
მერაბ მამულაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლამ გამოიწვია.
დღესვე კომისიის სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების შესახებაც.
კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.