დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სს(ი)პ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატანი ცვლილებების პროექტი და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების პროექტის რუკა წარუდგინა.
დოკუმენტის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება.
კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, პროექტის მომზადება საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და ასევე პრაქტიკაში ამ მიმართულებით წარმოქმნილმა ხარვეზებმა განაპირობეს.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილება თბილისის ცენტრალური და ისტორიული უბნების მჭიდრო დასახლებებში ქაოტური განაშენიანების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
,,გარეუბნების განვითარების მიზნით, დროებითი შეზღუდვა დედაქალაქის სხვა უბნებს არ შეეხება’’,-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
საკრებულოში ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პროექტს გარემოს დაცვის კომისიასთან ერთად უახლოეს მომავალში დამატებით განიხილავენ. დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონის დანიშვნის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.