თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხებზე იმსჯელეს.
განხილვის შედეგად სხდომაზე თანხმობა მიეცა საკითხებს თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა და ა(ა)იპ „მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ ლიკვიდაციასა და „ქ.თბილისის მერიის მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა“ და ‘ა(ა)იპ მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ რეორგანიზაციის შედეგად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის „ა(ა)იპ „კალათბურთის განვითარების სპორტული ცენტრის“ შექმნის თაობაზე“ საკრებულოს განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადებასაც.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებასა და ამავე სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
როგორც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილების მიზეზი ერთი მხრივ, მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის დებულების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, მეორე მხრივ, სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციური გადანაწილებაა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ასევე დადებითად შეფასდა საკითხი სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ვარკეთილი 3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
კომისიის წევრებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესში ცვლილების განხორციელებზეც იმსჯელეს და წარმოდგენილი ცვლილების საკრებულოს სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.