თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ - გოჩა ბაბუნაშვილმა გახსნა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღო „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა, რომელმაც დეპუტატებს „სასახლის სახურავის პროექტის და სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების საჭიროების შესახებ საკითხი წარუდგინა.
სხდომაზე, დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა რაიონში მდებარე რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრეს.
განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ მოხსენება, დეპუტატებს თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების განყოფილების უფროსმა ნინო გვენცაძემ გააცნო. ამავე სამსახურის წარმომადგენელმა ზვიად ელიზბარაშვილმა კი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა.
ამავე სხდომაზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა, კომისიის წევრებს სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ - შორენა ბუხრაშვილმა ბიძინა გიორგობიანს გარემოსდაცვით სტრატეგიასთან დაკავშირებით კომისიის მიერ შემუშავებული ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გაუზიარა. გარდა ამისა, სხდომაზე ასევე იმსჯელეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების დამტკიცების შესახებ.
დეპუტატებმა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.