თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის მერის წერილები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ სატრანსპორტო ნაკადების მხრივ შექმნილი მდგომარეობის შესწავლის შესახებ დასკვნის მისაღებად საჭირო მომსახურება, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარება, ასევე შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სპეცტექნიკისა და საბურავების გამარტივებული შესყიდვა.
როგორც მერიის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული საკითხების დაჩქარებული წესით განხილვა თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის მიერ გამოწვეულმა შედეგებმა განაპირობა.
დღესვე დეპუტატებმა შპს "BCN HISPANIA”, "Iberia Food Company”, ,,მულენ+” და ა(ა)იპ - საცურაო აუზისთვის "გლდანი" - მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზეც იმსჯელეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.