თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.
კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. კერძოდ, რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კომისიებს წარუდგინა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების რამდენიმე პროექტი. მათ შორის, ლისის ტბის მიმდებარედ "თი-ბი-სი" ბანკის სათაო ოფისის პროექტი, ასევე რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის სახელის ცვლილების საკითხი განიხილეს, რომელიც ამ სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა წარადგინა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მერიის მუნიციპალური ინსპექცია დაერქმევა. ამ ცვლილებით დედაქალაქში საზედამხედველო ფუნქციები ძლიერდება.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.