დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების განხორციელებას, რის თაობაზეც დეტალური ინფორმაცია კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეული კონტურების დაზუსტებასა და შესაბამისად, ზონალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
დღესვე, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ კომისიის წევრებს რამდენიმე შპს და კერძო პირისთვის სხვადასხვა მიზნით მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემის საკითხები გააცნო.
წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატები კომისიების დადებითი დასკვნის საფუძველზე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.