თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსსა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მალაღურაძე ხელმძღვანელობდა, თბილისი-რუსთავის სამგზავრო გადაყვანებში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი M1 და M2 კატეგორიის ტრანსპორტის თვითნებური გადაადგილება მგზავრების გადაყვანასა და თბილისის ტრანსპორტის მოწესრიგებას გარკვეულ საფრთხეს უქმნის. პრობლემები გამოიკვეთა გაჩერებებთან დაკავშირებითაც, რაც ავტომობილების კომფორტულ გადაადგილებას უშლის ხელს.
როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნოდარ შეროზიამ განაცხადა,
რუსთავის მერია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან კოორდინირებულად მუშაობისთვის მზადაა.
საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და M3 ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილების გაზიარებას დაპირდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონკრეტული მარშრუტებისა და გაჩერებების განსაზღვრის მიზნით გარკვეული სამოქმედო გეგმის შემუშავება და ასევე მონიტორინგის გამკაცრების მიმართულებით შესაბამისი რეგულაციების შემოღებაა აუცილებელი.
მხარეების გადაწყვეტილებით, ანალოგიური სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერიაშიც გაიმართება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომას კომისიის წევრების გარდა აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ.