თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ურბანული საქალაქო სამსახურის უფროსი ალექსანდრე ტოგონიძე, „სითი ინსტიტუტი“ საქართველოს ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე თვე თბილისის საკრებულო აქტიურად მუშაობს გენერალური გეგმის პროექტზე და იმ რეგულაციებზე, რომელიც გენგეგმასთან ერთად არის მისაღები.
„საკრებულოში გენერალური გეგმის პროექტი რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით დოკუმენტზე და იმ რეგულაციებზე, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებს შეაჩერებს. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია ქალაქისთვის,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე განმარტება გააკეთა დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ. მან აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობა სრულდება და მუნიციპალიტეტი რეგულაციების ახალ მოდელზე გადადის, რომელიც ქაოტურ განაშენიანებას შეაჩერებს. მაია ბითაძის თქმით, გენერალური გეგმა აღსრულებადი დოკუმენტი უნდა იყოს, ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა განაშენიანების რეგულირების გეგმის დოკუმენტში ცვლილებასთან დაკავშირებით. თბილისის მერის მოადგილემ K2 კოეფიციენტის ცვლილებაზე, ასევე ჩარჩო გეგმებზე ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. შეკითხვები ეხებოდა კოეფიციენტების ცვლილებებს, ჩარჩო გეგმებს, ავარიული შენობების ჩანაცვლებას, რეკრეაცული ზონებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა მერიას და სითი ინსტიტუტს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
სხდომის ბოლოს, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს რეკომენდაციები ასახული იქნება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში და უკვე ჩასწორებულ ვარიანტს მერია უახლოეს მომავალში წარადგენს წარმომადგენლობით ორგანოში.