თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებებზე იმსჯელეს, რომელიც თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტზე თანხმობის გაცემას გულისხმობს.
პროექტი კომისიის სხდომაზე არქიტექტორმა გიორგი ჭყონიამ და პროექტის მენეჯერმა ირაკლი ქარსელაძემ წარმოადგინეს.
როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, საპროექტო ტერიტორიაზე სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და სარეკრეაციო ტერიტორიის გაშენება იგეგმება, რომლის შემადგენლობაშიც შევა: გოლფის სათამაშო და ღია სპორტული მოედნები, ხელოვნური ტბა, გოლფ კლუბის შენობა, საფეხმავლო ბილიკები და სასტუმროს შენობა.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ტერიტორიის 95 % სარეკრეაციო ზონას, ხოლო 5% ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის და განაშენიანების რეგულირების გეგმის, გეგმარებითი დავალებების, ასევე განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების შესახებ იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და აღნიშნული საკითხები დადებითად შეაფასეს.
დეპუტატებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას თანხმობა მისცეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.