თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
დედაქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციას, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები: გოჩა ბაბუნაშვილი, ნუგზარ მალაღურაძე, დავით უთმელიძე, ავთანდილ დავითაძე და სოსო მანჯავიძე ესწრებოდნენ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი უძღვებოდა.
გივი კუბლაშვილმა სამსახურის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები წარმოადგინა და გასულ წელს განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა, როგორიც არის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სრული აღდგენა-მშენებლობა, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა, ლილოს დასახლებაში აშენებული მიუსაფართა თავშესაფარი, ასევე ვაკის პარკის ცენტრალული შესასვლელის რეაბილიტაცია.
ანგარიშის პრეზენტაციას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.