თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ვარკეთილი 3-ში, ოთხ მისამართზე სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო.
რევაზ სოხაძესთან ერთად თაყაიშვილის, ალექსიძის, მებრძოლთა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩებზე, შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს დირექტორი ლევან ჯღარკავა, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი ნოდარ ზარდიაშვილი და სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ვარკეთილი 3-ში სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც იგეგმება.
„დღეს ვარკეთილი 3-ში, ოთხ მისამართზე ვიმყოფებოდი და ადგილზე გავეცანი სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა გაწმენდითი სამუშაოებისა, რაიონში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციაც იგეგმება“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სანიაღვრე ქსელზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, სამგორის რაიონის მაჟორიტარის ინიციატივით და „თბილსერვის ჯგუფი“-ს მხარდაჭერით, აღნიშნულ მისამართებზე სანაგვე ურნების მონტაჟიც დაიწყება.