თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით უჯმაჯურიძემ ვარკეთილის მოსახლეობას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
რევაზ სოხაძემ მოსახლეობას მიაწოდა სრული ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რაც ერთი წლის მანძილზე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ და მაჟორიტარის წარმომადგენლობამ განახორციელა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიამ 30 სხდომა ჩაატარა და 177 საკითხი განიხილა. კომისიურ რეჟიმში ოთხჯერ გაიმართა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საჯარო განხილვა, მათ შორის რაიონის გამგებლებთან და ოლქის მაჟორიტარებთან ერთად.
კომისიის ინიციატივით და ორგანიზებით, რამდენიმე გასვლითი სხდომა გაიმართა: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში; ყაზტრანსგაზ-თბილისში; თბილისის განვითარების ფონდში და თბილსერვის ჯგუფში.
ერთი წლის განმავლობაში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიამ მოქალაქეთა 354 წერილი განიხილა.
რევაზ სოხაძის, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარის ინიციატივით, რაიონში 2 სპორტული მოედანი მოეწყო, 8 მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი, 7 მისამართზე შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, ასევე სანაგვე ურნები და ფანჩატურები. მაჟორიტარი ინდივიდუალურად შეხვდა მოქალაქეებს, ასევე გამართა გასვლითი შეხვედრები. მაჟორიტარის წარმომადგენლობის ბიუროში შესული წერილების უმეტესობა დაკმაყოფილდა.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა მომავალში დაგეგმილ პროექტებზე.