თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მთლიანი მოცულობა 840 302,5 ათასი ლარით განისაზღვრა და შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
ბიუჯეტის პირველადი პროექტის წარდგენის შემდეგ, ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრებს შენიშვნები ბიუჯეტის რაიონების მიხედვით გადანაწილებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
დედაქალაქის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, კანონის შესაბამისად, საკრებულოში 15 ნოემბერს შემოვიდა. 24 ნოემბრამდე დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციები და კომისიები განიხილავენ. 24 ნოემბერს კი ბიუჯეტი საკრებულოს შენიშვნებით და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.