20 მაისი 2025 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აბაშიძე და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებული კომისიების წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. ცვლილებების თანახმად, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა 13 799,0 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 2 209 347,5 ათას ლარს შეადგენს. წარმოდგენილ ცვლილებებს ორი კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა კი საკრებულოს წევრებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარუდგინა. ასევე, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების და ზონალური ცვლილებების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა გლდანის III მკ.რ-ის მიმდებარედ არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხიც შეათანხმეს და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილება განიხილეს.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.