თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები ლევან ჟორჟოლიანი და რევაზ სოხაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების შეთანხმების საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განსაკუთრებით გამოყო შპს „ქოზი ჰოუმ თბილისის“ არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი. როგორც მან აღნიშნა, ამ ობიექტის ინვესტორი იყო შპს „ფენიქსი“, რომელმაც საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და პასუხისგებაშია მიცემული. რამდენიმე თვის წინ თბილისის საკრებულომ ამ მშენებლობით დაზარალებულ 170-მდე ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა და ახალი ინვესტორი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. გარდა აღნიშნული საკითხისა, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე კომპანიის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმებას მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე ლაშა მაჭავარიანის და თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ქეთევან შუბითიძის დანიშვნებს. ორივე კანდიდატი თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა, რომლითაც მიმდინარე წლის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით იზრდება, იზრდება ასევე საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდირების პროგრამა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს რამდენიმე საკითხი გააცნო. მათ შორის, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტში მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები, ასევე მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემაში ცვლილებები.
კომისიის სხდომაზე მოუსმინეს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
გარდა ამისა, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ №39-18 დადგენილებაში ცვლილებები კი კომისიის წევრებს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ გააცნო კომისიის წევრებს.
გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.