თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიის სხდომებზე დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივაზე იმსჯელეს. ინიციატივა მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების და რეალიზაციის წესის დამტკიცებას გულისხმობს.
როგორც ორი კომისიის თავმჯდომარეებმა, რევაზ სოხაძემ და გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადეს, აღნიშნული ინიციატივა თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ კიდევ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. თბილისის მერის ინიციატივა საკრებულოს წევრებს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა გააცნო. წარმოდგენილ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს.
დღეს განხილული საკითხები, რომლებიც დეპუტატებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარუდგინეს, დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.